ბლოგის მისამართია www.samartlianoba.blogspot.com

როგორი ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს უჭერთ მხარს?

Thursday, December 17, 2009

განშორება

მახსოვს, როცა მივატოვე, მან მითხრა, ”უჩემოდ ვერ გაძლებო.”

მოღრუბლული ამინდი იდგა, ოღონდ წვიმა არ მოდიოდა. ჩვენ ვაკის პარკში ვსეირნობდით და ატმის ჩირს ვჭამდით (მერე, როცა იმ, ჩემთვის უმძიმესი დღის შემდეგ დასაძინებლად დავწექი, დამესიზმრა, თითქოს ახლადაყვავებული ატმის ხეების კორომში ვიყავი. სიზმარში ხეებს მთვარის მარგალიტისფერი, ლამის მარადისობასავით იდუმალი სხივები ეცემოდა. ხეების ძირში მათი ყვავილების ფურცლები ბაჯაღლო ოქროს მონეტებივით იყო გაბნეული). ატმის სურნელმა გამაბრუა და ცოტა ხნით დამავიწყდა, თუ როგორ მეჩხუბა წინადღეს.

”შეხედე, რა ლამაზი მტრედებია,” ვთქვი მე.

”მტრედები...” ჩაილაპარაკა ნანუკამ, ”ამ ბოლო დროს სულ ასეთი უშინაარსო საუბრები გვაქვს.”

მე არაფერი ვუპასუხე.

”იცი, რა მაინტერსებს?” მკითხა მან და ჯიბიდან საწუწნი კანფეტების კოლოფი ამოიღო. კოლოფს ზედ წითელი ფერის შაქარყინულის კრისტალები ეხატა, რამაც მე შედედებული სისხლი მომაგონა. ტანში გამცრა, ”საერთოდ რატომ გადაწყვიტე ჩემთან ურთიერთობა?”

”იმიტომ, რომ იდიოტი ვარ,” გამეცინა მე, ”ვიფიქრე, უფასო სექსი მექნება-მეთქი.”

”მადლობა გულწრფელობისათვის,” თქვა მან და გაჩუმდა, მერე კი ისევ ჩურჩულით დაიწყო: ”რა დონის გარეწარი ხარ, ო, ნეტავ, ვინმემ ჩემნაირად იცოდეს, როგორი გარეწარი ხარ, ნეტავ ვინმე ჩემნაირად გიცნობდეს. შენი ერთადერთი ღირსება ისაა, რომ გულწრფელი ხარ.”

”განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ვარ?” სევდიანად ვკითხე მე, ”ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი, შენთან ურთიერთობა არ უნდა დამეწყო, ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით!”

”რატომ?” მკითხა მან, ”რატომ არ გინდა, ნორმალურად ვიცხოვროთ? რატომ არ გინდა, ცოლ-ქმარი გავხდეთ, როგორც ყველა? იცი, რომ შენს გამო დაქალები დამცინიან, ლაშა ნანუკას ცოლად მოყვანას არ კადრულობსო. იცი, ეს ჩემთვის რას ნიშნავს? იცი, რა დამამცირებელია ჩემნაირი ადამიანებისათვის, როცა მათ ვიღაც არ კადრულობს?”

”კარგი, მაშინ მე ასე დაგისვამ შეკითხვას: იცი თუ არა, რა დამამცირებელია ჩემთვის შენნაირ ადამიანებთან ლაპარაკიც კი, არათუ ის, რომ სექსი გთხოვოთ? მე კი თვეების მანძილზე თავს ვიმცირებდი, ათასნაირად გემუდარებოდი, დავწვეთ-მეთქი. იცი, ეს ჩემთვის რას ნიშნავდა?”

”ესე იგი, შენ მე მაშინაც გეზიზღებოდი?” მკითხა მან.

”სულაც არა,” ვთქვი მე, ”მაშინ მე მეგონა, რომ შენს შეცვლას შევძლებდი. მე მეგონა, რომ გვერდით ერთი ადამიანი მაინც მეყოლებოდა.”

”იცი თუ არა, ვის და რას ჰგავხარ?” უცებ სიცილით თქვა მან, ”ემიგრანტს. შენ საკუთარ მიწაზე, საკუთარ სამშობლოში, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ემიგრანტი ხარ, არავინ გაფასებს, არავინ გიცნობს, თან ყველას სძულხარ...”

”გეთანხმები, რომ მე ემიგრანტი ვარ. ეს არ არის ჩემი ქვეყანა. ქვეყანა არასოდეს მქონია. მე სამწუხაროდ მოკვდავი ვარ.”

”არა, ეს წინადადება მე მაგ აზრით არ მიგულისხმია. შენ კარგად იცი, მე რასაც ვგულისხმობდი. ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ.”

მე გავჩუმდი და ნაძვისხეებს გავხედე. ნაძვის ტოტები შემოდგომის ბურუსში მოხრილიყო. ყველა ხე საცოდავად გამოიყურებოდა. საღამო იდგა.

”მაინტერესებს, საიდან ასეთი აზრები?” ჩურჩულით განაგრძო მან, ”უცხოელი რომ ყოფილიყავი ან შეუხედავი ქალი, კიდევ მესმის, მაგრამ ძალიან ლამაზი გარეგნობა გაქვს, ადგილობრივი ხარ, თანაც კაცი...”

”და საკმაოდ მიმზიდველი პენისი მაქვს,” გამეცინა მე.

”ნუ იცინი,” ძალიან გაბრაზდა ის, ”მამაჩემი უკვე მოსაკლავად დაგდევს.”

”ფეხები არ მომჭამოს,” ვთქვი მე.

”შენ მამაჩემს არ იცნობ.”

”პირიქით, ის არ მიცნობს.”

”არადა, ისე ლაპარაკობ, თითქოს ძალადობის მოწინააღმდეგე იყო. ასე არ ამბობ ხოლმე?”

”ვარ კიდეც ძალადობის მოწინააღმდეგე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სურვილი არ გამაჩნია. სამწუხაროდ, როცა მხეცებით გადაჭდილ ბარბაროსულ ადგილას ცხოვრობ, თავი როგორმე უნდა დაიცვა.”

”მე იმ დღესვე ვუთხარ მას, შენ რომ ის მთხოვე... ის... ის საზიზღრობები. ყველა ის საზიზღრობა, რაც შენ გაბედე და მთხოვე. არათუ თქმა, გაფიქრებაც კი როგორ გაბედე, რომ დაგთანხმდებოდი?”

”რას გულისხმობ?”

”კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ.”

”ორალურ სექსს გულისხმობ, ანალურ სექსს, სახეზე დასხმას თუ რას?” გამეცინა მე, ”მერე, ამ ყველაფერში ცუდი რა არის?!”

”გულისამრევია,” თქვა მან, ”არაქრისტანული.”

”ვიცი, რაც არის გულისამრევი. გავკარი ქრისტიანობას და ქრისტიანობასთან ერთად ყველა რელიგიას. გულისამრევი არის რელიგია. ძალიან დაღლილი ვარ. იცი, რომ შენ მე დღეს შენს გვერდით უკანასკნელად მხედავ?”

ის ძალიან შეშფოთდა, მაგრამ სცადა, თავი შეეკავებინა. ტირილი რომ დაეწყო და მხარზე მომყრდნობოდა, ვიცი, აუცილებლად დავრჩებოდი მასთან, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, თუმცა, ვატყობდი, ძალიან უნდოდა, ეღრიალა. არ მესმის, ადამიანები რომ არასოდეს აკეთებენ იმას, რაც გულით უნდათ.

”უჩემოდ ვერ გაძლებ,” მითხრა მან და თავი ასწია, ”არა, ვერ გაძლებ უჩემოდ. ეს გამორიცხულია. შენ არავინ შეგიყვარებს. მთელმა ქალაქმა, მთელმა მსოფლიომ იცის უკვე, რომ ღმერთი არ გწამს და... ვაჟიშვილი არ ხარ. ამიტომ არავინ შეგიყვარებს. მე შენი ერთადერთი შანსი ვარ. ამას ხვდები?”

”შენნაირ ქალთან ერთად ყოფნას დანძრევა მირჩევნია,” ვთქვი მე და გავიცინე.

”და თუ მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ჩემნაირია?” მკითხა მან.

”მნიშვნელობა არა აქვს,” თავი გავიქნიე მე, ”ფეხებზე მკიდია. დანძრევა მირჩევნია. ნეტავ, თავიდანვე ამ აზრის ვყოფილიყავი.”

”ონანისტი ხარ,” თქვა მან ჩურჩულით, ”შენ ხარ ჩამოყალიბებული ონანისტი.”

გამეცინა.

”იცი, ყოველთვის რას ვერ ვიტანდი და რას ვებრძოდი შენში?” მკითხა მან, ”ამ საზიზღარ დამოუკიდებლობას, შენს საზიზღარ, უკიდურესად დამოუკიდებელ სულს. ახლა დავრწმუნდი, რომ მართლა ფეხებზე გკიდია, მარტო იქნები თუ არა.”

როცა მან ეს თქვა, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა სერიოზულად. ისე, შემეშინდა, როგორც არ შემშინებია მაშინაც კი, როცა 9 წლის ასაკში შუაღამისას მარტომ პირველად ვნახე საშინელებათა ფილმი.

”...ყოველთვის მშურდა შენი,” ჩურჩულით განაგრძო მან, ”ვფიქრობდი, ან ახლა დაეცემა, ან ახლა გატყდება წელში ან ახლა-მეთქი, მაგრამ ეს დრო არასოდეს დამდგარა. შენ წარმოუდგენელი მასშტაბების ძალა გაქვს. შენში მე არაადამიანურ ძალას ვგრძნობ. ყოველთვის გაოგნებული ვიყავი შენი ძალით. ღმერთო ჩემო, მაინც საიდან გაქვს ამხელა ძალა? შენ ხომ ღმერთისაც კი არ გწამს. შენ ხომ თვითონ ხშირად გითქვამს, რომ არაფრის გწამს. საიდან ამხელა ძალა?”

მე ისევ გავჩუმდი, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, მოვუკიდე და წასასვლელად ნაბიჯი გადავდგი. ის არ გამომკიდებია. პირიქით, ზურგი შემაქცია.

კიბეები ავიარე და ქუჩაში ავედი. ქუჩაში ხალხი მოძრაობდა. ერთიდაიგივე, უაზრო სახეები, ერთიდაიგივე, უაზრო ხალხი, უაზრო, საზარელი, რუტინული ცხოვრება...

ერთ-ერთ სადარბაზოში შევედი, კიბეზე დავჯექი და ქვითინი ამივარდა.

იმ დღეს ჩვენ უკანასკნელად ვნახეთ ერთმანეთი.

Copyright © 2009 David Chutlashvili

No comments:

Post a Comment

ბიოგრაფია

დავით ჩუთლაშვილი (დ. 1983 წლის 9 აპრილი, ახალსოფელი/ყვარელი, საქართველო) - ქართველი ორენოვანი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნაწარმოებებს წერს გერმანულ და ქართულ ენებზე.

დავით ჩუთლაშვილი დაიბადა 1983 წლის 9 აპრილს, სოფ. ახალსოფელში. ბავშვობა და სკოლის ასაკი გაატარა სოფ. ახალსოფელში, 17 წლის ასაკში გახდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, ბავშვობისა და ადრეული ახალგაზრდობის წლებში სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მოსკოვსა და ვილნიუსში.

პირველი რომანი, "ჭენება" 2006 წელს გამოსცა. 2008 დაარსა ვებპორტალი www.davidchutlashvili.com, რომელზეც პერიოდულად ათავსებს თავის გერმანულენოვან ნაწარმოებებს, რომლებშიაც ისევე, როგორც თავის თითქმის ყველა სხვა ნაწარმოებში, აკრიტიკებს საზოგადოებას, სოციალურ კლიშეებს, წერს ქალთა ემანსიპაციის სიძნელეებსა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე. 2010 წელს დავით ჩუთლაშვილმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკ "ალიანსი საქართველოსათვის" მაჟორიტარ კანდიდატად ყვარლის რაიონის ახალსოფლის თემში და ამავე ბლოკის სიის მე-4 ნომრად. ამავე წელს გამოიცა მისი ახალი რომანი "ცხრაკლიტული."

დავით ჩუთლაშვილი დაოჯახებული არ არის.

იხ. რედაქტორის სვეტი რომან "ცხრაკლიტულის" გარეკანზე/ბიოგრაფია

ბლოგის არქივი