ბარაკ ობამა უდიდესი პიროვნებაა და არ შევცდებოდი, თუ ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს პოლიტიკოსთა შორის. რა თქმა უნდა, ის მთლად ელფრიდე იელინეკის დონის ლიდერი ვერ არის, მაგრამ არც გაცილებით ჩამორჩება მას. მისი ჰუმანიზმი და სიკეთე, მისი უნარი, იღწვოდეს კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მისი უანგარო თავდადება და თანაგრძნობა ჩაგრულთა და ამ ცხოვრებისაგან გარიყულთა, არშებრალებულთა ბედის მიმართ, მე უდიდეს სიამაყეს მგვრის; ვამაყობ, რომ ბარაკ ობამა ადამიანია და მეც ადამიანი ვარ (რასაც ვერ ვიტყვი მიხეილ სააკაშვილზე და ბევრ კიდევ სხვაზე, მათ შორის, ოპოზიციიდან. მიხეილ სააკაშვილის გახსენებისას პირიქით, ძალიან ხშირად, მრცხვენია ხოლმე, რომ ადამიანი ვარ).
საქართველოში დამკვიდრდა მახინჯი ტრადიცია, რომ მწერალმა ან ჟურნალისტმა პოლიტიკოსზე კარგი არასოდეს უნდა თქვას. ეს ძალიან მახინჯი ტრადიციაა, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ერთმნიშვნელოვნების შმორიანი სიდამპლის სუნი ასდის.
ბარაკ ობამამ მოიტანა ახალი მსოფლმხედველობა პოლიტიკაში და დასავლურ ფასეულობებს, ჩემთვის და ყველა მოაზროვნე ადამიანისათვის უძვირფასეს ფასეულობებს, უპირველეს ყოვლისა კი, თავისუფლების უმაღლეს ღირებულებას, ახალი წონა შესძინა. საუკუნეები გაივლის, მაგრამ ბარაკ ობამას პიროვნული ღვაწლი დარჩება და მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც მის პოლიტიკაში მოსვლამდე იყო.
ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. ამას ის ხალხი ამბობს, რომელსაც დაკანონებული და ღრმად ფესვგამდგარი სიდამპლე პოლიტიკა ჰგონია. ბარაკ ობამამ დაამტკიცა, რომ უდიდესი იდეალისტები ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაშიც შეიძლება იყვნენ. აი, პირადად ჩემთვის კი, პოლიტიკა გარყვნილება იმდენად არის, რამდენადაც ყველა სხვა სფეროა გარყვნილი. გარყვნილი პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს, მწერალიც, რეჟისორიც, მსახიობიც, ჟურნალისტიც ან შეიძლება არ იყოს.
სამწუხაროდ, ბარაკ ობამას მსგავსი ადამიანები ყველა სფეროში ძალიან, ძალიან ცოტაა. ამის მიზეზი სისტემის ის ტოტალური კრიზისია, რომლის გამოზრდილებსაც დორის ლესინგმა ერთ-ერთ თავის სტატიაში ძალიან მოსწრებულად, "განათლებული არაადამიანები" უწოდა. ძალიან ირონიული, სასოწარკვეთილი გამოთქმაა (ირონია სასოწარკვეთილების უმაღლესი ზღვარია), რადგან "განათლებულ არაადამიანებს" ვერაფერი ცვლის: მათ ვერ ცვლის, უკეთესს ვერ ხდის თუნდაც ის, რომ მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი ძალიან ჰუმანური და უბრალო ადამიანია.
მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ ერთ ამერიკელ პოლიტიკოსს უთხრა: "ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამერიკაში ე. წ. რეალური პოლიტიკის მომხრეებიც არიან, მაგრამ ამერიკას მაინც იდეალისტები მართავენ." ეს ფრაზა მან მისთვის დამახასიათებელი ზედაპირულობით თქვა. დარწმუნებული ვარ, მას ამ სიტყვების არსი დღემდე თვითონაც არ სჯერა. მაგრამ, მოუწევს დაიჯეროს, ხოლო თუ მაინც არ დაიჯერებს, მით უარესი მისთვის.
დიდება და პატივი ბარაკ ობამას!

ფოტო: thesietch.org-დან. ბარაკ ობამა
Copyright © 2009 David Chutlashvili